მეუფე შიო - მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა, გაძლიერება და ქართული ენის, ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა 14.04.2026 14:31

მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა.

მეუფე შიომ ქადაგებისას მრევლს აღდგომის ბრწინყვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნა, რომ დღეს ბრწყინვალე სამშაბათია.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გილოცავთ ბრწყინვალე სამშაბათს, თქვენ იცით, მთელი ეს კვირა აღდგომის ტოლფასია და გილოცავთ ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის აშენებული ეს შესანიშნავი ტაძარი და განსაკუთრებით გილოცავთ ყველას, ვინც ამ ტაძარში მოღვაწობთ, მამა შიო, ვინც მსახურობს, გალობს, ლოცულობს, აღმშენებლებს და შემომწირველებს ამ ტაძრისა, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ. დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება და ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა, შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულა. რა არის ამის მიზეზი? ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა, ან ცოდვები, რომელიც ადამიანს აწევს სულზე, მაგრამ არ უნდათ ამ ცოდვებთან განშორება, მათთან ბრძოლა არ უნდათ.

უფრო ხშირად კი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად ღარიბია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და განწმენდის, სულიერი განწმენდის აუცილებლობას, თავიანთ სხეულს უვლიან ზედმიწევნით, სულზე კი არ ზრუნავენ. აი, თუ მარხვაში ვფიქრობდით სინანულზე, მარხვის შემდეგ, ამ პერიოდში, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ, აღარ გავიმეოროთ ისინი და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს, მზრუვნელობის გარეშე. როგორც გვასწავლის პავლე მოციქული, „სულს ნუ დაშრეტთ". რას ნიშნავს დაშრეტთ? ე.ი. ნუ დაშრეტთ ნიშნავს, ნუ ჩააქრობთ სულს. აი, ამაში შეგევწიოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს, როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერითა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა გამოაბრაძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი.

როგორც არის დაუჯდომელში სიტყვები, „გიხაროდენ სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო", მაშასადამე, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს, სამოთხეში უშვებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ მას ჩვენ, „გვაცხოვნენ ჩვენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო", მხოლოდ მას მივვმართავთ, არცერთ წმინდა ადამიანს ასე არ მივმართავთ და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რიმელიც ჩვენზე მოიღო, იმისთვის, რომ ღირსგვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილვხვდომილი ერი ვყოფოლიყავით. ამის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანება არის. და არ არის შემთხვევითი, რომ აღდდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტოანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა, შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია იბერიის ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თვის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს და რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, გვშუამდგომლობს მის წინაშე და ამ ხატის მოვლინებაც არის დასტური მისი მფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და საოცრად დიდებული არის, ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. მისი უწმინდესობას და უნეტარესობას უთქვამს, შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან, საღვთო, სულიერ მუსიკას შეადარა, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა, ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მკვდრეთით აღდგომილმან მაცხოვარმან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით დაგლოცოთ და გაგძლიეროთ. მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ