დღე: 22

ღამე: 13

USD 2.7483

EUR 3.1138

ვასო აბაშიძის „კურიოზი“ 04.12.2022 12:10

დღეს ვასო აბაშიძის დაბადების დღეაგამოჩენი ქართველი  მსახიობი,   ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი ვასო აბაშიძე დაიბადა 1854 წლის 22 ნოემბერს (4 დეკემბერს) დუშეთში.



ვასო აბაშიძის მამა ალექსი, შორაპანის მაზრის სოფელ სავანეს მცხოვრები, მასწავლებლობდა ქალაქ დუშეთში. იგი ფრიად განათლებული ადამიანი ყოფილა. მას ცოლად ჰყოლია ანასტასია შატოვსკაია, წარმოშობით უკრაინელი, ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნე. ქართული წერა-კითხვა პატარა ვასოს სწორედ დედამ შეასწავლა. 1858 წელს მშობლები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. საშუალო განათლების მისაღებად ვასო მიაბარეს კეთილშობილთა სასწავლებელში (შემდეგში პირველი გიმნაზია), სადაც სწავლობდნენ ალ. სუმბათაშვილი და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკო. 1869 წელს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ალექსი ქუთაისში გადაიყვანეს, ვასოც სწავლას ქუთაისის გიმნაზიაში აგრძელებს, რომელსაც 1872 წელს ოქროს მედალზე ამთავრებს. ამავე წელსვე იწყებს 18 წლის ჭაბუკი მასწავლებლობას ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. იგი სულ შვიდი წელიწადი მასწავლებლობდა: ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-79 წწ.).



ვასოს ძლიერ უყვარდა სცენა. გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩეკოსთან ერთად). 1875-78 წწ-ში ქუთაისში დაარსდა სცენისმოყვარეთა წრე, რომელშიც მუდმივად მართავდა წარმოდგენებს. ამ წარმოდგენებში ვასო აბაშიძეც იღებდა მონაწილეობას 1877 წლამდე. 1877-78 წლებში ვასო აბაშიძე დანიშნეს სამაზრო ქალაქ ყაზახის (ელიზავეტოპოლის გუბერნია) სასწავლებლის ზედამხედველად. მიუხედავად სამსახურისა, ზაფხულობით იგი ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობას იღებდა სცენისმოყვარეთა წრეში. პირველი მისი სცენაზე გამოსვლა თბილისში 1877 წელს სახაზინო თეატრში შედგა, სადაც ითამაშა ისაიას როლი გ. სუნდუკიანის პიესა „ხათაბალაში".ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის სახელთან ერთი ტრაგიკომიკური კურიოზია დაკავშირებული.

ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ.

თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: „შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” „მე ვიყავი”, - უპასუხა მსახიობმა. „აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.

შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: „რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”.

ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: „იფ, კნიაზჯან!” მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ