თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.
განსაკუთრებით დაზიანდა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურა. მათ შორის, დაზიანდა გოთუას ქუჩაზე არსებული კოლექტორი და გზის სავალი ნაწილი.
გოთუას ქუჩაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელიც გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. კონკრეტულად გოთუას ქუჩაზე კი არსებული ცენტრალური სანიაღვრე სისტემა და მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაზიანდა. კოლექტორი სამშენებლო ნაგვით იყო სავსე და წყლის გატარება ვერ მოხდა. ცხადია, ყველაფერს მოვაწესრიგებთ.
ზოგადად, დღეს მოსულმა ნალექმა დედაქალაქში და განსაკუთრებით საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე შექმნა პრობლემები, მათ შორის, არის სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვის ფაქტები. აბსოლუტურად ყველგან მივალთ. ყველა ქუჩისა და საცხოვრებელი კორპუსის პრობლემას მივხედავთ. ჩვენი მხრიდან რა დახმარებაც იქნება საჭირო, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით. ზარები შემოდის ცხელ ხაზზეც. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ვაწარმოებთ, როგორც გაწმენდის, ასევე აღდგენის სამუშაოებს“, - განაცხადა თბილისის მერმა
ამ ეტაპზე, გოთუას ქუჩაზე, სადაც ცენტრალური სანიაღვრე სისტემა დაზიანდა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები აღდგენის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, ორმხრივად არის აღდგენილი.
ავტორ(ებ)ი :