დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია-ჯანდაცვის სამინისტრო 18.11.2025 13:05

დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს" დაუბრუნდნენ თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული „აპიდრათი" განაგრძონ. უწყების ინფორმაციით, არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას" იყენებდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოში „ნოვორაპიდი", რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კომპანია Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რათა სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული.

„მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა, თუმცა ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის" ანალოგით, „აპიდრათი" გააგრძელეს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ