27.11.2025 21:49
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ბენზინმზიდი დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გააჩერეს. სამართალდამრღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე, ცისტერნაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული წიწვოვანი სახეობის 16 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. ბენზინმზიდი დაილუქა, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1024 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :