კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა 02.12.2025 16:09

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას თბილისის მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებსა და უნგრეთში საქართველოს ელჩთან, ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად დაესწრო.

როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.

„მივესალმები ბატონ პიტერ სიიარტოს, რომლის მოწვევითაც მაქვს პატივი, დავესწრო ამ ღონისძიებას. მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების დიდი მეგობრობა, საერთო ბრძოლა სიმართლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ასევე ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარული. სწორედ ამის გამო ვართ დღეს აქ. სასიხარულოა, რომ ვხსნით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლს. მე, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის. იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრულ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრელი გულშემატკივრის გულში. გილოცავთ ძეგლის გახსნას, უნგრულ ფეხბურთს კი ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა უნგრული ფეხბურთის ისტორიაში იოზეფ ბოჟიკის როლს და მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.

„სასიხარულოა, რომ იხსნება ჩვენი დიდი სპორტსმენის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, განსაკუთრებით თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელიც ცნობილი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ფეხბურთის აკადემიაც დაათვალიერა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ