ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 18.12.2025 18:53

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციისა და მისი პრეზიდენტის, გიორგი გვალიას ორგანიზებით, ამპუტანტთა ფეხბურთში საქართველოს 2025 წლის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თბილისის კლუბი „თბილისი". მეორე ადგილი დაიკავა გორის „დილამ", ხოლო მესამე ადგილზე ზესტაფონის „მარგვეთი" გავიდა. ნომინაციაში "საუკეთესო მეკარე" თბილისის "თბილისის" წევრმა, პავლე ბახტურიძემ გაიმარჯვა, ხოლო 2025 წლის რეგულარული ჩემპიონატის "ბომბარდირის" ტიტული ამავე გუნდის წარმომადგენელს, ნიკა ქრისტესიაშვილს ხვდა წილად.

ამპუტანტ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ: „ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია და გუნდები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, თითოეულ ჩვენგანს აძლევს იმის უნარს, რომ იმედი არ დავკარგოთ არასდროს. ამ კაცების თამაშს, ბრძოლას, სულიერ სიძლიერეს რომ ვუყურებ, რითაც ისინი ავსებენ თავიანთ სხეულის გარკვეულ ხარვეზებს, ეს არის სამაგალითო. მით უმეტეს ახლა, მათთან ერთად, ახალგაზრდები არიან გუნდში ანალოგიური გამოწვევებით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აქვს სხვა, უფრო არანაკლები პასუხისმგებლობები, სადაც ფსიქოლოგიური მზაობა, ბრძოლისუნარიანობა საწინდარია წარმატების. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩართულნი ასოციაციის განვითარების პროცესში,"-განაცხადა კობა კობალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელი გადაეცა საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, თენგიზ პაჭკორიას.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე და სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამპუტანტთა ფეხბურთის დაფუძნება-განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის მუდმივი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ასოციაციის წევრთა 2024 წლის 13 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ასოციაციის წევრი გახდა განსაკუთრებული სტატუსით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ