20.12.2025 15:34
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა. მას 65 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა, კასპის წარმომადგენელმა ლავრნტ ბაიდაურმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ტარიელ შარიფაშვილის თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა სამშობლოსათვის დაღუპული გმირის საფლავი და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი.
ავტორ(ებ)ი :