მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს 23.12.2025 20:38

 

ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქვეყნის სპორტული შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენმა სპორტსმენებმა გვასახელეს 2025 წელს თავდაუზოგავი შრომით, მათი ძალისხმევით კიდევ ერთხელ აჟღერდა ჩვენი ჰიმნი და ასახელეს მთელი ერი, მადლობა მათ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც დაეხმარა მათ ამ წარმატებაში. წლიდან წლამდე უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია ის სტატისტიკა, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია ქვეყანამ.

ეს ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ რომ არა ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების, ეს შედეგები ვერ იქნებოდა. ამითაც განებივრებული ვართ, რომ გვყავს პრემიერი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის, ესეც ფუფუნებაა. ქალაქის მერი გვყავს სპორტსმენი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარული მოტანა შეუძლია სპორტს მოსახლეობისთვის", - აღნიშნა  ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა რეგიონებში ხელმისაწვდომი იყოს.

„დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში გაკეთდება მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ყველას ექნება შესაძლებლობა, დაკავდეს სპორტით.

ჩვენ ამბიციური ერი ვართ, პატარა, მაგრამ ნიჭიერი. არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. განათლების რეფორმა დაორგანიზდა და აქაც განსაკუთრებული როლი ექნება სასკოლო ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები დაკავებულები იქნებიან სპორტით.

გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს შესაბამისი გარემო, დაკავდეს სპორტით. გვინდა, სამოყვარულო სპორტი იყოს მაღალ დონეზე. ამას უნდა მივცეთ სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და აუცილებლად მივაღწევთ. ვიცი, სპორტი რა არის და რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში", - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ