ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის საახალწლო მილოცვა ვეტერანებს 31.12.2025 18:09

ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო დებო, ძმებო, ჩვენი ქვეყნის უღალატო მსახურებო, ჩემო ღირსეულო ვეტერანებო!

სულ მალე ახალი, 2026 წელი დადგება და ჩვენც, ახალი შემართებით, იმედებით, სურვილებით და, რაღა თქმა უნდა, ახალი გამოწვევებით შევხვდებით მას, მივულოცავთ ერთმანეთს დამდეგ შობა -ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, თუმცა, ამავდროულად, გავიხსენებთ იმ ჩვენს თანამებრძოლებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც უკვე შეუერთდნენ მარადისობას და ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს. ნათელი დაადგეს მათ უკვდავ სულებს, მათმა შთამომავლობამ კი ერთიან, ბედნიერ, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში იცხოვროს, რისთვისაც ამ გმირმა კაცებმა და ქალებმა იბრძოლეს, იღვაწეს და შესწირეს თავიანთი სიცოცხლე!

მინდა, ასევე, თითოეულ იმ ადამიანს ვუთხრა თანაგრძნობა, ვისთვისაც გასული წელი ტკივილიანი იყო. ღმერთმა გაგაძლიეროთ და არ მოგაკლოთ ნუგეში!

ჩვენ, უფლის განგებულებით, ისეთ ცხოვრებისეულ გზას გავდივართ, რომ არც ტკივილია ჩვენთვის უცხო და არც ერთმანეთის თანადგომა, არც ბრძოლა და არც შრომა, მაგრამ ისეც ხდება, რომ ხანდახან ერთმანეთისკენ გაწვდილ ხელს ვერ ვხედავთ და ერთმანეთის მხარდაჭერის ნაცვლად, დაპირისპირების გზას ვირჩევთ, რაც, ცხადია, ისევ ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნეთა წისქვილზე ასხამს წყალს. როგორც უნდა ვისაუბროთ, რომელ მხარესაც უნდა ვიდგეთ, თითოეულს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი გვაქვს სამშობლო და ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის, ერთად უნდა ვაშენოთ და გავაძლიეროთ! ჩვენ, მამების თაობამ ბოლომდე უნდა ვზიდოთ ის ტვირთი, რასაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება ჰქვია, რათა ჩვენს შვილებს არ დავუტოვოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის სიმძიმე. თითოეულ ჩვენგანს, ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, სწორედ მშვიდობის დასაცავად, უფრო მეტად ბრძოლისუნარიანები უნდა გავხდეთ, უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ და ასე გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.

აქვე, მინდა, ახალი წელი მივულოცო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთი გვაქვს საბრძოლი, რადგან ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო! ერთმანეთის იქით ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს!

ინებოს უფალმა, ჩვენი ღვთივკურთხეული სამშობლოს გამთლიანება!

დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მთავრობას და მხედრობას, ერს და ბერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნისა და ერის, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებებს!

ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!"

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ