საჯარო დებატების გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს 24.01.2026 11:11

 

საჯარო დებატების გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება, სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე.

„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაა. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ქართველ ხალხს მომდევნო არჩევნებზე მიეცეს შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს არა უცხო ძალების აგენტურის რევანშის შეკავების აუცილებლობიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული ხედვებისა და პროგრამების მიხედვით. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში შეზღუდული იყო ხელისუფლებასთან ოპონირებისა და ალტერნატიული აზრის გამოხატვის სივრცე, რადგან ქვეყანა იმყოფებოდა პერმანენტულ რევოლუციურ რეჟიმში.

ხელისუფლებას ოპონირება უწევდა უცხო ქვეყნების და გაერთიანებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ღიად და უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
დებატისთვის საუკეთესო პლატფორმა - საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამმა, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც ერთი მხარე მეორეს „მოლოტოვის კოქტეილს" ესვრის და ადმინისტრაციული შენობების გადაწვას ცდილობს, შეუძლებელია არსებობდეს ჯანსაღი დისკუსიის გამართვის სივრცე.

ამიტომ უპირველესად აუცილებელია დროულად დასრულდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგად დაწყებული სასამართლო პროცესი და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადების საფუძველზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, იმისათვის, რათა პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოთ ჯგუფებს, რომლებიც 2004 წლიდან ემსახურებიან საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალებს და რომლებსაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ, სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით ჩვენმა პარტიამ ხელისუფლებას წარუდგინა ალტერნატიული ხედვა, რომელიც პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრისათვის საჭირო ნაბიჯებს მოიცავს. აღნიშნულ თემაზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს ჯანსაღი და კვალიფიციური დისკუსიის არსებობის აუცილებლობას, ისევე, როგორც ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვანი შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხები ითხოვს ფართო მსჯელობას, რადგან ვიმყოფებით დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში, რომლის შედეგადაც იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი. ამ ფონზე კი, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტები რჩება იმ წესრიგის შესაბამისობაში, რომელიც ნგრევას განიცდის და წარსულის კუთვნილება ხდება.

 

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება, სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ