საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში -სტუ 09.02.2026 19:01

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტო საზოგადოება ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ".

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს კონსტრუქციული, ღია და პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს როგორც აკადემიური საზოგადოების პოზიციას, ისე ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტერესებს: ტექნიკური უნივერსიტეტის - როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ცენტრის - თვითმყოფადობის შენარჩუნება და მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის გამოკვეთა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისთვის.

მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების სისტემის დივერსიფიკაციის, სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური იდენტობის განმტკიცების საერთაშორისო პრაქტიკასთან. გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციისა და შრომის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების პირობებში, განათლების სისტემის რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ინსტიტუციური რეორგანიზაცია, არამედ საგანმანათლებლო პროცესის შინაარსობრივი განახლება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან.

ამ კონტექსტში ტექნიკური განათლება განიხილება როგორც კომპონენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, სისტემურად და აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. უნივერსიტეტი ფლობს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, აკადემიურ და სამეცნიერო რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მართვას, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციას, ინოვაციური პედაგოგიური მოდელების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას. სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ტექნიკური და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, კვლევითი და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავებას და ტექნოლოგიური ტრანსფერის მექანიზმების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების პროფესიულ განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილავს საკუთარ მისიას როგორც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთიან პლატფორმას, რომელიც ემსახურება ეროვნული და რეგიონული განვითარების მიზნებს.

სახელმწიფოსა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების პარტნიორობა ამ პროცესში განიხილება კრიტიკულ ფაქტორად რეფორმის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტი მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განათლების სისტემის იმგვარი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.

დარწმუნებული ვართ, სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს და მომავლის საჭიროებებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში", - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ