"გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასa და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"-ილიაუნის რექტორის მოადგილე 12.02.2026 19:34

საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა, ვეცდებით, ილიაუნი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ასეთი ფორმით არ დასრულდეს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, გიორგი გვალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ილიაუნთან დაკავშირებით სტუდენტების მიღების კვოტების განსაზღვრა ფაქტობრივად ამ უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს.

„გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასa და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი საქართველოსთვის გრძელვადიანი ეფექტებით განათლების ხარისხის დაბალ ნიშნულზე დაყვანა იქნება. ილიაუნთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი დღეს ახორციელებს დაახლოებით 1000-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან მხოლოდ პედაგოგიური და ე.წ ABET-ის აკრედიტაციის მქონე პროგრამები რჩება, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორითაც მას ვიცნობთ და არსებობს, ვეღარ იარსებებს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე შემოდგომის სემესტრიდან ჩვენ მთელ რიგ პროგრამებზე მიღება აღარ გვექნება, რაც სტუდენტების რაოდენობის შემცირებას ბუნებრივად გამოიწვევს. სტუდენტების რაოდენობის შემცირება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, უნივერსიტეტს პრობლემები შეექმნება არა მხოლოდ პედაგოგიური პროგრამების შენახვის და განვითარების, არამედ უკვე არსებული პროგრამების სტაბილურობის უზრუნველყოფის. მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი აკადემიური პერსონალი შევინარჩუნოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება მოხდება, ბუნებრივია, ფინანსური მდგომარეობის პრობლემების გათვალისწინებით, ეს აისახება აკადემიური პერსონალის რაოდენობაზეც", - განაცხადა გვალიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს უნივერსიტეტი, რექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ აპირებენ, მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევას.

„ვაპირებთ, მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის ლეგიტიმური. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ, საკუთარი პოზიციისა და სიმართლის დასამტკიცებლად. ასე რომ, სრული ერთიანობაა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში და ვეცდებით, რომ ეს უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ასეთი ფორმით არ დასრულდეს", - აღნიშნა გვალიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ