აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა 13.02.2026 16:36

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

„სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ.ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა) შემდგომი რეალიზაციის მიზნით თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს; ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ფიზიკური პირის, ნ.თ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე (მის: დიდგორის მე-3 შეს #17, სამტრედია). ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ