22.02.2026 22:00
უკვე პირველი მარტიდან იმ უცხოელმა, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, ნებართვის გაცემის პროცესი და ადმინისტრირება სახელმწიფოს ძალიან მკაცრად ექნება გაწერილი.
„ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კრიტიკული აუცილებლობა არსებობს, ასე ვთქვათ, კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების, ხოლო იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ჭარბია, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამ ადამიანების [უცხოელების] დასაქმება", - განმარტა დარახველიძემ.
ცვლილება შეეხება სასწავლო ბინადრობის ნებართვას. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათი შენატანი ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია, ხოლო ეკონომიკაში - დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ რესურსზე უარის თქმა არ განიხილება.
„ძალიან დიდია ეკონომიკური ეფექტი, რაც უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლას მოაქვს. თუმცა, ჩვენ შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ და წარვუდგენთ პარლამენტს ცვლილებებს. ეს ცვლილებები ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ სტუდენტებს, რომელთაც მართლა სურთ საქართველოში განათლების მიღება, ხოლო მეორე მხრივ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საშუალებას იყენებენ გარკვეული ნორმების არასრულყოფილების გამო, ბოროტი მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში მკაცრი რეგულაციები დაინერგება", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ავტორ(ებ)ი :