რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის? 06.03.2026 18:19

 

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, რაც გლობალური ავიაციისთვის ირანის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას უკავშირდება. თუკი წარსულში დღეში საშუალოდ 642 თვითმფრინავი იყენებდა საქართველოს ცას გადაფრენისთვის, ახლა დღიური მაჩვენებელი სავარაუდოდ 1.5-2 ათას ფრენას აღემატება. მსგავსი მასშტაბის დატვირთვა საქართველოს საჰაერო სივრცეს აქამდე არასდროს ჰქონია.

ევროპიდან აზიაში მიმავალი ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ასრულებს ფრენებს. უსაფრთხო გადაადგილების სანავიგაციო მოსაკრებლებს ავიაკომპანიები "საქაერონავიგაციას" უხდიან. კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ერთი ხომალდი გადაფრენისთვის 516 ლარს იხდიდა, ეს 189 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, 2026 წლის მარტში საქართველოს ცა ყოველდღიურად სავარაუდოდ 280-375 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით "საქაერონავიგაციას" 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს, 2024 წელს კი კომპანიის თანახმად, საქართველოს ცაზე 234,293 გადაფრენა შედგა, რომლის ჯამური შემოსავალიც 120.8 მილიონი ლარი იყო.

"საქაერონავიგაცია" ავიამიმოსვლას 844 დასაქმებულით ემსახურება, კომპანიას სულ 117 ავიამეთვალყურე ჰყავს.

"საქაერონავიგაციის" აქტივები 308 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოს მასშტაბით განთავსებული სარადარო სადგურებია.

 

წყარო:  bm.ge

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ