18.03.2026 11:04
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ ილია II, მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მრავალი მორწმუნის სულიერი წინამძღოლი იყო და ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.
"მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ - ის იყო სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრება მიძღვნილი იყო ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებისთვის.
მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.
ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შეჭრას განიცდის.
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით, რუს დამპყრობელთა მიერ წამოწყებული ომების პერიოდში.
გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.
ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი მსახური ზეციურ სამყოფელში მიიღოს.
დაე, უფალმა დაამკვიდროს ახლადშესვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სული თავის სასუფეველში, ხოლო ყველას, ვინც მის დანაკარგს გლოვობს, მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. მარადიული და ნათელი ხსოვნა მას!" - წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.
ავტორ(ებ)ი :