18.03.2026 18:00
გვეუფლება სასოება იმისა, რომ ილია მეორეს ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად, განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას , - ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლად აღმსარებლობისა, თუ ეთნიკურობისა იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა საქართველოსი.
მეუფე თეოდორე აღნიშნავს, რომ „ქრისტეს მიერ სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას."
„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოს:
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსული სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არამარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულებისადმი თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივმინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელს, სადაცა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად და განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას. დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტეს მიერ სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. წმინდათანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და და უმკვიდროს მას სასუფეველი ცათა, ამინ", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.
ავტორ(ებ)ი :