20.03.2026 22:45
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მოძღვრის, მამა საბა ჭიკაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მთავარი მიზანი და ოცნება იყო ქართველი ერის ერთიანობა - როგორც სულიერი, ისე ტერიტორიული.
როგორც მამა საბა ჭიკაიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" აღნიშნა, ამ მიზნით პატრიარქმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა „შვიდგზის ლოცვებს", რომელიც, მისი განმარტებით, საერთო ლოცვით ერის გაერთიანებას ემსახურებოდა.
„პატრიარქის სურვილი და სანუკვარი ოცნება იყო ერის ერთიანობა, როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი. პატრიარქი თავის ყველაზე დიდი გამარჯვებად თვლიდა „შვიდგზის" ლოცვების შემოღებას. ეს ლოცვები შემოიღო იმის გამო, რომ მთელ ერს, ყველა ქართველს ერთად ეთქვა ღვთისადმი ლოცვა, თუნდაც ამ ლოცვის დროს გაერთიანებულიყო ქართველი ერი. ქართველთა ერთიანობა პატრიარქისთვის იყო ყველაზე დიდი მოტივაცია. თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ ერთად და ერთობით წავიდეთ ღვთისაკენ, საქართველო აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება",- განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.
რაც შეეხება დაკრძალვის ცერემონიას, მისი ინფორმაციით, მსახურება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, წირვას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, ხოლო მსოფლიო პატრიარქი დაესწრება ცერემონიას, თუმცა არ იქნება მთავარი მწირველი.
მისი თქმით, წესის აგების დასრულების შემდეგ, პროცესია სიონის ტაძრისკენ გაემართება, სადაც პატრიარქს დაკრძალავენ.
„ვიცი ის, რომ თავიდან ასე გაჟღერდა, რომ მსოფლიო პატრიარქი აღავლენდა წირვას. თითქოს იყო ასეთი ინფორმაცია, რომ მას უნდა აღევლინა წირვა, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით შეიცვალა. ითქვა, რომ ის იქნება, დაესწრება მსახურებას, მაგრამ არ იქნება მწირველი, ხოლო წირვას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო.
რაც შეეხება წესის აგებას, ვიცი რომ მსოფლიო პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება თავადაც წარმართოს მსახურება. შეიძლება მეუფე შიომ აღასრულოს და დანარჩენები იყვნენ თანამონაწილეები. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც დასრულდება წმინდა ბასილი დიდის წირვა, შემდეგ იქნება წესის აგების მსახურება, იქვე, სამების საკათედრო ტაძარში. მღვდელმთავრები ერთობლივად აუგებენ კათოლიკოს - პატრიარქს წესს, როდესაც წესის აგების მსახურება დასრულდება, დაიძვრება პროცესია და ყველანი ერთად მსვლელობით გამემართებიან სიონის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც წინასწარ არის გამზადებული სამარხი, ძალიან საპატიო ადგილზე",- განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარმა გაიხსენა ილია II-თან დაკავშირებული პირადი მოგონებები.
მისი თქმით, პატრიარქთან პირველი შეხვედრა სკოლის ასაკში, სიონის საკათედრო ტაძარში შედგა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე და საბოლოოდ სასულიერო გზის არჩევაც განაპირობა. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ქარიზმა, ქადაგება და პიროვნული ძალა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ყველა ადამიანზე.
„მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც პირველად ვიხილე იგი. ეს იყო, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარში წირვას ატარებდა. დედამ მთხოვა, მე და ჩემი და ერთად წავსულიყავით. მაშინ ეს იყო ჩემი პირველი შეხება ზოგადად მსახურებასთან. ჩემი პირველი დასწრება მოხდა პატრიარქის წირვაზე. ვუყურე ამ ყველაფერს და გაოცებული ვიყავი. მასთან კონტაქტმა დიდწილად განაპირობა ჩემი სამომავლო არჩევანი, თუნდაც ის, რომ დღეს სასულიერო პირი ვარ.
პატრიარქს იმდენად დიდი პიროვნული ქარიზმა ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო ერთხელ გენახა და არ მოხიბლულიყავი მისი მზერით, მისი ხმით, ქადაგებით, ყოველი სიტყვით. შემდეგ, რა თქმა უნდა, სემინარიაში ჩავაბარე. სასულიერო აკადემიაც დავამთავრე",- განაცხადა მამა საბა ჭიკაიძე.
მან ასევე გაიხსენა პატრიარქთან ბოლო შეხვედრა რეანიმაციაში, სადაც ის ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო, თუმცა, მისი თქმით, სულიერად მაინც ძლიერი რჩებოდა.
„ბოლოს ვნახე რეანიმაციაში, როდესაც ძალიან დაუძლურებული იყო. ასეთი დაუძლურებული ჩვენი უწმინდესი არასდროს მინახავს. პალატის კარი რომ გაიღო, გული დამეწვა", - განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.
ავტორ(ებ)ი :