23.03.2026 18:36
პატრიარქის გარდაცვალება საერთო მწუხარება გახდა და ქართველები ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით. ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები მწუხარებამ გაგვაერთიანა , - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, სამგლოვიარო დღეებში პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რაც საზოგადოებაში დაპირისპირების საგანი ხდებოდა.
„ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც პანაშვიდებზე ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი და ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა, პატრიარქის საფლავზე მოსვლა ყველას შეუძლია.
[წმინდა სინოდის შეკრებაზე] ჯერ არაფერი თქმულა. განწყობა ჯერ ისევ სამგლოვიაროა, თუმცა ძალიან დავიტვირთეთ საორგანიზაციო საკითხებით. თან გლოვა და თან პატივის მიგება საკმაოდ მძიმე ტვირთია ყველასთვის.
რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ საზოგადოებაში, ის ერთსულოვნება შესანარჩუნებელია და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ რაიმე პროცესი ამ მოვლენიდან პოლიტიკურ შეფასებებში გადაიტანოს და ყველას ვთხოვ, რომ ცრუ ინფორმაციების, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, როგორიც იყო მსოფლიო პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით, რაც იყო სრული სიცრუე, თავი შეიკავოს. ამ ყველაფერთან ერთად გვიწევს იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა ასე. ამ დღეების განმავლობაში საკამათო თმების ძალით მონახვა ხდებოდა, რათა ხელოვნურად მომხდარიყო მოსახლეობის დაყოფა მხარეებად. ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. ეს იქნება ჩვენი პატივის მიგება პატრიარქისადმი, რომ მეორად თემებს, რომლებსაც მხოლოდ განხეთქილება მოაქვს საზოგადოებაში, ნუ ავყვებით. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რომ რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ილია მეორის ანდერძი არის ის, რომ მან სიცოცხლეში თავისი მოსაყდრე დაასახელა.
„მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, უწმინდესმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. მედო ფურცელი და ვიწერდი მის საუბარს, ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს.
მან ასეთი რამ თქვა: რომ „არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში [მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები ტრიალებდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.], ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, ან იქ არისო, ახლა ამ თემებით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და ხმამაღლა გამოვაცხადეო, რათა აღარ ჰქონდეს ბჭობაო".
ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძი", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ავტორ(ებ)ი :