23.03.2026 22:55
ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა, თვითონ წმენდა ყველაფერს , - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისზე საუბრისას განაცხადა.
დეკანოზის განცხადებით, თინათინ რუხაძე „პატრიარქთან გაიზარდა", წლები მასთან ერთად იყო.
„სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ ეს ყვავილები [დაელაგებინა].
პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.
იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ასევე, დეკანოზმა ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც, შალვა კეკელიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.
„ხომ შეიძლებოდა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს უწყვეტი [პროტესტი]. მამა რომ გარდაგეცვალოს, სადმე წახვალ და დადგები? ბაირამობა გადადეს ჩვენმა ძმებმა. რუსთაველზე რომ გადიან ყოველ დღე, აქციებს ვგულისხმობ, ხომ შეიძლებოდა ეს დღეები არ გასულიყვნენ და მერე გაეგრძელებინათ. ეთქვათ, რომ მამა დაიღუპა, ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. როცა მამა გარდაცვლილი გყავს და ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსად წასვლა და რაღაცები უნდა გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლობიდან გამომდინარე, ჩვენი მამის სიყვარულის გამო. ამაზე დიდი შენთვის არ უნდა არსებობდეს რამე, მაგრამ ვფიქრობ ეს სექტანტური აზროვნება უფროა. აქციებზე მდგომი ყველა ძალიან მიყვარს და იმიტომ ვეუბნები", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ავტორ(ებ)ი :