ანდრია ჯაღმაიძე - სასურველია, პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს 27.03.2026 23:31

 

პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს, -  ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა საქმეებს საპატრიარქოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე. ზუსტად მახსოვს დასახელების გარემოებები. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში არსებობდა დიდი ვნებათაღელვა. იმ ბოლო პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ის განუცხადა საზოგადოებას. 2017 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, რვა წელზე მეტი გავიდა, მეცხრე წელია და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. დღეს საქართველოში ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დანარჩენი იმ პროცედურით გადასაწყვეტია, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაში არის გაწერილი. გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მონაწილე წევრის ნების მიხედვით", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება პატრიარქის არჩევის საკითხს, ჯაღმაიძის თქმით, წმინდა სინოდი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით აირჩევს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს.

„წინ გვაქვს რა, აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკურსი და ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება გლოვის, პატრიარქისადმი პატივის მიგებისა, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა. პროცედურა დამოკიდებული არ არის სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების წედმიწევნითი დაცვით წარმართავს პროცესს. სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა, პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით წარიმართება. პატრიარქის არჩევის პროცედურა გაწერილია ზედმიწევნით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში. ეს არის გარკვეული პროცედურა, რომლის მომზადებაც ევალება მოსაყდრეს. 39 მღვდელმთავარი, სინოდის წევრი ხმის მიცემით არჩევანს აკეთებს სამ დასახელებულ კანდიდატს შორის", - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ