სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს 30.03.2026 09:35

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის გრძელვადიან ტარიფებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.

როგორც სემეკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიკაშვილმა სემეკ-ის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

„დღეს კომისია იმსჯელებს ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე. როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის ტარიფები დადგინდება თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა და „ეპ ჯორჯია მიწოდების" მომხმარებლებისთვის. მოგეხსენებათ, 2025 წლის 29 დეკემბერს კომისიამ დაადგინა დროებითი ტარიფები. ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ გადახედა მათ შორის ინვესტიციებს, ასევე დეტალურად იმსჯელა იმ კომპონენტებზე, რაც შედის ტარიფში. გადაწყვეტილება უკვე დღეს გამოცხადდება კომისიის სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება და გრძელვადიანი ტარიფები დადგინდება", - განაცხადა ქეთევან ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, 2025 წლის წლის ბოლოს, 29 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის სამი თვით გადავადების შესახებ. კომისიამ ელექტროენერგიასა და გაზზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ