სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 30.03.2026 18:34

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ-ი) ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სემეკ-ის ინფორმაციით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა" და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის" ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დადგინდა.

კერძოდ, ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის ხუთი თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის - საშუალოდ 4-6 თეთრით.

ახალი ტარიფები ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" (თელმიკო)

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა) დღგ-ის ჩათვლით:

0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით - 20.041 თეთრი/კვტ.სთ;

101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 24.053 თეთრი/კვტ.სთ;

301 კვტ/სთ-დან და მეტი - 28.537 თეთრი/კვტ.სთ;

10-6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) - 31.647 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. (მცირე საწარმოები) - 35.261 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110-35 კვ. - 27.762 თეთრი/კვტ.სთ;

10-6-3.3 კვ. - 31.976 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. - 35.261 თეთრი/კვტ.სთ.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება"

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა) დღგ-ის ჩათვლით:

0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე - 19.731 თეთრი/კვტ.სთ;

101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 23.707 თეთრი/კვტ.სთ;

301 კვტ/სთ-დან და მეტი - 28.227 თეთრი/კვტ.სთ.

110-35 კვ. - 30.322 თეთრი/კვტ.სთ;

10-6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) - 32.880 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. (მცირე საწარმოები) - 35.713 თეთრი/კვტ.სთ.

ტარიფის მატებაზე ძირითადად გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ. ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.

ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკ-თან შეთანხმებით, უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად, მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს.

სს „ენერგო პრო ჯორჯია" 2026-2030 წლების განმავლობაში წელიწადში საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს სამი წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.

სს „თელასის" მიერ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა სემეკ-მა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.

ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.

ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და, ამასთან, ბიზნესსექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს სხვადასხვა ენერგოპროექტი.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკ-მა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკ-მა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა; დეტალური ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახადა, ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით ახალი ტარიფი, ფაქტობრივად, მხოლოდ ორი თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის" რეაბილიტაციის შედეგად იაფი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკ-მა შეძლო, ორი წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.

მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია", - აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ