ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერეში ფერდი ჩამოიშალა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს -საავტომობილო გზების დეპარტამენტი 01.04.2026 16:23

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში სოფელ წკერეში ფერდის ჩამოშლისას სასაფლაოს ტერიტორია დაზიანდა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას, თოვლის დნობის შედეგად 29 მარტს სოფელ წკერეში დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის, ორი საფლავი.

ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება.

კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას.

პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ