სინოდში ერთობაა, ჩვენ ძალიან ერთიანები ვართ, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, დედაეკლესიას და საქართველოს მოერიოს -მეუფე სპირიდონი 04.04.2026 17:32

სინოდში ერთობაა, ჩვენ ძალიან ერთიანები ვართ, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, დედაეკლესიას და საქართველოს მოერიოს, - ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონ აბულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მღვდელმთავარი ერთი სულიერი მამის შვილია, პატრიარქ ილია მეორის ნაკურთხია და ერთმანეთის ძმები არიან.

„მომსწრე ვარ იმ პერიოდის, რა ხდებოდა საქართველოში,როცა პატრიარქი მობრძანდა, ეკლესიაში თითქმის არავინ დადიოდა. აქ, სიონში, შემოსასვლელში იდგნენ კომკავშირის და რაიკომის ინსტრუქტორები და ხალხს აშინებდნენ, არ შეხვიდეთ ტაძარშიო, მაგრამ პატრიარქის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა და მთელი ერი წამოვიდა ეკლესიაში. მეც ფაქტობრივად იმ ტალღაში ვარ, პატრიარქმა ანდრია მოციქულის და წმინდა ნინოს გზა გააგრძელა. ძალიან დიდი მეოხი შეეძინა საქართველოს ზეცაში, მასზე კარგად არავინ იცის საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა, არავინ კაცთაგანმა და ამიტომ ჩვენ ვსასოებთ, რომ მისი ლოცვა საქართველოს გააბრწყინებს, გაამთლიანებს და დაიცავს.

ჩვენ, ყველა მღვდელმთავარი მისი ნაკურთხი ვართ, ერთობაა სინოდში, ჩვენ ძალიან ერთიანები ვართ, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, რომ დედაეკლესიას და საქართველოს მოერიოს. საერთოდ, საეკლესიო კრებები სულიწმიდით იმართება და ჩვენ სულიწმინდას უნდა დავუჯეროთ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ძმები ვართ, ერთი სულიერი მამის შვილები, ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქი, ყველა მისი ნაკურთხი ვართ და ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, სინოდის წევრებს, ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ განსხვავებული აზრით შეიძლება, უკეთესი აზრი გამოჩნდეს. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ერთიანობაში თითქოს რაღაც ბზარია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, შეიძლება იმან ერთი თქვას, იმან მეორე და მერე უკეთესი ავარჩიოთ, მაგრამ ერთიანობაა სინოდში, ძალიან", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ