08.04.2026 16:24
მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებით, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული.
„მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი. კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი. აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები დაიწყო განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული, როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება", - ნათქვამია მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებაში.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადების თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად იქნა გაყვანილი შენობიდან და დაბინავებული სასტუმროში. გამგეობის ცნობით, მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს.
„დღეს, დილით საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ", - ნათქვამია მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :