08.04.2026 18:22
საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები (ჩასწორებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მიერ) ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ჯონი ხეცურიანის მოხსენება - „35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან", სადაც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტზე მუშაობის ისტორია გაიხსენა. მანვე გამოთქვა სურვილი, საკუთარ არქივში დაცული, ამ პროცესის ამსახველი ისტორიული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაეცა.
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან ერთად სხდომაში მონაწილეობდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიასთან დაკავშირებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ეროვნული არქივის ფონდებისთვის ძვირფასი შენაძენია.
დოკუმენტის ციფრული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზის, ასევე, ვებგვერდის მეშვეობით.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :