პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდა 08.04.2026 21:55

 

პლასტმასის პროდუქციის წარმოება/რეალიზაციასთან დაკავშირებული შემზღუდავი ნორმების ამოქმედებას, შესაძლოა სამომხმარებლო ფასებზე ნეგატიური გავლენა მოეხდინა. ამ და სხვა, მსგავსი, რისკების არსებობის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

აქამდე არსებული გეგმის მიხედვით, 1 ივლისიდან კვების ობიექტები მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიყიდვას ვეღარ შეძლებდნენ.

2027 წლის 1 თებერვლიდან კი, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოებაც იკრძალებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში პლასტმასის საგნების, ერთჯერადი ჭურჭლის და კონტეინერების რეალიზაცია აიკრძალა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ პრიორიტეტად რჩება, თუმცა გასათვალისწინებელია ბიზნესის ინტერესებიც. საჭიროა გარკვეული დრო, რასაც ბიზნესსექტორი ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენებს.

შეზღუდვების გადავადების გადაწყვეტილებას მიესალმებიან ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლები. ამბობენ, რომ ოთხი წელი მოსამზადებლად გონივრული ვადაა. ბიზნესმენების შეფასებით, პლასტმასის საგნებთან დაკავშირებული სრული აკრძალვა სახელმწიფოს, ბიზნესს და მომხმარებლებს თანაბრად დააზარალებდა.

პლასტმასის გამოყენების აკრძალვის გადახედვას ითხოვდა "ხალხის ძალაც". პარტიაში ამბობენ, რომ აკრძალვას ეკონომიკური შოკის ეფექტი ექნებოდა, ახლა კი ფართო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, სისტემის მართვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას შეუწყობს ხელს.

ახალი რეგულაციის ამოქმედება, 2031 წლის პირველ თებერვლამდე გადავადდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ