საიდან მოდის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიცია? 10.04.2026 03:49

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია. ის პასკასთან ერთად სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვნების კვირის დიდ პარასკევს (მაცხოვრის ჯვარცმის დღეს) კვერცხს წითლად ღებავენ.

 

გადმოცემის თანახმად, მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მათგან ერთ-ერთი, მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს. მაშინ რომში არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც, ყველა იმპერატორთან წარდგენილს, მისთვის თუნდაც სულ მცირე, რაიმე ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა, რომელსაც რწმენის გარდა არაფერი გააჩნდა, იმპერატორს ძღვნად კვერცხი მიართვა და ახარა: ქრისტე აღდგა! ამის გაგონებაზე ტიბერიუსმა წარმოსთქვა: „ამის დაჯერება ისეთივე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება".
იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა, სიმბოლურად, ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.


კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.


ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად, ძირითადად, ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ