11.04.2026 19:14
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილისთვის კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნა.
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა მერაბ მამულაშვილმა, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა:
"დღეს, 11 აპრილს 24:00 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 04:00 საათამდე. ამასთან, 11 აპრილის 23:00 საათიდან, გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, მგზავრთა მომსახურება იქნება უფასო.
აღნიშნულის გარდა, 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 ჩათვლით იმოძრავებენ და ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით მომსახურება უფასო იქნება.
"დიდუბის" ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება, როგორც მუხადგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელეს სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება მეტროსადგური „სარაჯიშვილიდან".
კუკია-მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება, როგორც სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან.
ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო „ვარკეთილიდან", ასევე მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
ვერის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლებაა. საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტები ტრადიციულად მეტროსადგურ „დელისიდან" იმოძრავებენ,"- აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსი მერაბ მამულაშვილი.
ავტორ(ებ)ი :