14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 13.04.2026 23:24

 

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში მეორეხარისხოვანი როლით დაკმაყოფილდეთ - ამ დღეს ზედმეტი ინიციატივა მხოლოდ დაგაზიანებთ. მაშინაც კი, როცა საკუთარ სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ხართ, ეცადეთ, სხვასაც მოუსმინოთ და მისი აზრი გაითვალისწინოთ. თქვენი იმიჯი უნაკლო უნდა იყოს, რაც კარიერულ პერსპექტივებზე დადებითად აისახება. ცდუნებას ნუ აჰყვებით და მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ოპერაციებში ნუ ჩაერთვებით! ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ასეთმა რისკმა შეიძლება გაკოტრებამდე მიგიყვანოთ.

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, რაც თქვენს განწყობასა და ზოგად მდგომარეობაზე აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ბალახეული ჩაი და თაფლი მიირთვათ.

კურო

შესაძლოა, საკუთარ მომხიბვლელობასა და გარშემომყოფებზე გავლენას გადაჭარბებულად აფასებთ. საშუალება გექნებათ, რომ გარკვეული პრობლემა ნათესაური კავშირებით მოაგვაროთ, თუმცა დაფიქრდით, ხომ არ შელახავს ეს თქვენს რეპუტაციას. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის რომელიღაც ჩვევა ძალიან გაღიზიანებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თავად ხართ. ურთიერთობაში უხეშობას და აგრესიას მოერიდეთ, თორემ საპასუხოდ ორმაგ აგრესიას მიიღებთ.

ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით. გაუაზრებლად ნუ იმოქმედებთ და შანსი გექნებათ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანოთ.

ტყუპები

ის, რაც თქვენთვის უბრალოდ გრძნობების გამოხატვაა, შესაძლოა თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ზედმეტად ემოციური აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ოჯახური ვითარება უმიზეზოდ დაიძაბება, ამიტომ პრეტენზიებსა და უხეშობას მოერიდეთ.

გარიგება, რომლისთვისაც დიდხანს ემზადებოდით, შესაძლოა, გარეშე პირთა ჩარევის გამო არ შედგეს. გაურკვევლობას მწარე სიმართლე სჯობს, ამიტომ პარტნიორთან გულწრფელად ისაუბრეთ, თუნდაც საუბარი უსიამოვნო იყოს.

თქვენი ორგანიზმისთვის წყლის პროცედურები ძალიან სასარგებლო იქნება, ამიტომ გირჩევთ, საცურაო აუზის აბონემენტი აიღოთ.

კირჩხიბი

უკმაყოფილება, რომელიც საყვარელ ადამიანს აქვს, სავსებით სამართლიანია - ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში ზოგ საკითხს გადახედოთ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყოველი სიტყვა კარგად აწონ-დაწონეთ. კოლეგებისთვის ახალი იდეების გაზიარებას ნუ იჩქარებთ, თორემ შეიძლება ვიღაცამ მათი მითვისება სცადოს. ამ დღეს გარე ფაქტორებზე ძალიან დამოკიდებული ხართ და ჭორების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენთ. ასე თუ გააგრძელეთ, მუშაობის დრო აღარ დაგრჩებათ.

თუ ბოლო დროს ზურგის ან თეძოს ტკივილები გაწუხებდათ, დღეს შვებას იგრძნობთ, თუმცა ფიზიკურ დატვირთვას მაინც უნდა მოერიდოთ.

ლომი

თქვენს ცხოვრებაში ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრების დრო დგება. ვენერას მომატებული აქტიურობა უჩვეულო საქციელისკენ გიბიძგებთ - შესაძლოა, ძველი სიყვარული გაიხსენოთ და მისი დაბრუნება სცადოთ. ვარსკვლავები დაოჯახებულ ლომებს ურჩევენ, მეგობრებთან ურთიერთობაზე უარი არ თქვან, თუმცა არც ოჯახი დაივიწყონ. ყური დაუგდეთ იმ ადამიანის რჩევებს, ვისაც უპირობოდ ენდობით.

კოლეგების პასიურობამ შესაძლოა ძალიან გაგაღიზიანოთ, თუმცა ეცადეთ საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ. დროა, მსუბუქი დიეტა დაიწყოთ, თუმცა მენიუს მკვეთრი ცვლილება სასურველი არ არის.

ქალწული

ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე შეხედულებების შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ემოციურობა, რომელსაც გულგრილობის ნიღბის ქვეშ მალავთ, გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. თუკი მოთმინებასა და გაგებას გამოიჩენთ, ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ურთიერთობებში ჰარმონიას მიაღწიოთ. უსმინეთ პარტნიორს და საკუთარი ფიქრები გაუზიარეთ.

შესაძლოა ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწიოთ, თუმცა ისეთ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, რომლებსაც თავს ვერ გაართმევთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ზედმეტმა აქტივობამ შესაძლოა გადაღლა გამოიწვიოს.

სასწორი

ახალი ურთიერთობების დაწყების და ძველის გაღრმავებისთვის შესანიშნავი დროა. თქვენს გარემოცვას კარგად დააკვირდით - გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთ მეგობართან ურთიერთობა დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. ამ დღეს თქვენი მჭევრმეტყველება და აქტიურობა მნიშვნელოვანი საქმის დასრულებისთვის გამოგადგებათ.

ბიზნესმენებისთვის სოციალური აქტივობებისა და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად წარმატებული დღეა. ფინანსური პრობლემები დროებით დაივიწყეთ - ახლა ნებისმიერ აქტივობას ზარალი მოჰყვება.

ვარსკვლავები გირჩევენ, დაავადების სიმპტომები არ უგულებელყოთ და საჭიროების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართოთ.

მორიელი

იდეალური დღეა წვეულებაზე გართობისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. დაოჯახებულმა მორიელებმა ფინანსებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ - გადასახადებს გადახედეთ და ხარჯები გააანალიზეთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას! ფრთხილად იყავით ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებისას და ყველა პირობა კარგად წაიკითხეთ.

გახსოვდეთ, რომ უფროსი ნათესავების რჩევები ყოველთვის სასარგებლო არ არის, განსაკუთრებით საქმეებში, რომლებშიც ნაკლებად ერკვევიან.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. მზად იყავით ახლობელი ადამიანის მოსასმენად, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროთ. ეცადეთ, სამსახურში დატვირთვის მიუხედავად, შვილებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის დრო გამონახოთ.

დღევანდელი დღე ახალი პარტნიორებისა თუ კლიენტების პოვნის შანსს მოგცემთ. აქტიურად ჩაერთეთ კორპორაციულ ღონისძიებებში და გარშემო მყოფები თქვენი პროფესიონალიზმით გააოცეთ.

საღამოს სპორტულ აქტივობებს უნდა ერიდოთ. სჯობს საყვარელი წიგნი წაიკითხოთ ან მშვიდ მუსიკას მოუსმინოთ.

თხის რქა

ნათესავების რჩევებს ნუ მოუსმენთ - ამ დღეს სხვისი კარნახით მოქმედება მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. ბოლო დროს თქვენი სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა ჯანმრთელობა არცერთ ვითარებაში არ უნდა დაივიწყოთ.

გირჩევთ, გარშემომყოფთა აზრს ყურადღებით მოუსმინოთ და საკუთარ სურვილებში გაერკვეთ. ამ დღეს ფინანსური კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯები შედეგიანი იქნება. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ნუ უგულებელყოფთ - კვების მენიუ მოაწესრიგეთ და ძილს მეტი დრო დაუთმეთ.

მერწყული

შესაძლოა, ძველი სიყვარული დაბრუნების სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ეს მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. კარგი დღეა გასართობი ღონისძიებებისა და თანამოაზრეებთან შეხვედრისთვის.

თქვენს დისციპლინას ხელმძღვანელობა აუცილებლად შეამჩნევს და დააფასებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საპასუხისმგებლო პროექტები არ დაიწყოთ და მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერისას სიფრთხილე გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარი შვილებს ან უფროს ნათესავებს დაუთმეთ.

მოერიდეთ ზედმეტ კვებას - ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თევზები

გამუდმებული ეჭვიანობით და პრეტენზიებით პარტნიორთან სამომავლო ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებთ. ნუ გადადებთ საქმეებს ხვალისთვის და გამუდმებით შესაფერის მომენტს ნუ ელოდებით - უბრალოდ იმოქმედეთ! მოერიდეთ დაუგეგმავ, ძვირად ღირებულ შენაძენებსა და გაუაზრებელ ფინანსურ ინვესტიციებს.

ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ! ფიზიკური აქტივობა დაგროვილი სტრესისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ