6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს - სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს 05.05.2026 23:03

 

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

 

სამი ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველა მორწმუნემ გიორგობას

არსებობს დღესასწაულები, რომელთა მნიშვნელობა აღემატება კონკრეტულად იმ წმინდანის ხსენების დღეს და გაცილებით მეტს ნიშნავს. ასეთი აღმატებული დღესასწაულია გიორგობა - ჩვენი საეკლესიო და საერო დღესასწაული!

სამი ლოცვა გიორგობა დღეს წასაკითხი..

 ჰოი, ყოვლადნეტარი, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია

 ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ