07.05.2026 14:16
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" წარმატებით დასრულდა.
თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს „სკოლის საარჩევნო ამბასადორის" სტატუსი მიენიჭათ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს უწყობს საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას სკოლის ასაკიდან და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მისი თქმით, პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარებაში და ქმნის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა ეფექტიანად გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ღონისძიებას ასევე დაესწრო სკოლის დირექტორი ინგა სააკაშვილი, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.
საპილოტე პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" ერთი თვის განმავლობაში 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტში დედაქალაქის მასშტაბით 50 საჯარო სკოლის, VII-X კლასების, 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სამდღიანი ინტერაქციული კურსის განმავლობაში შეისწავლეს დემოკრატიული არჩევნების არსი, მედიაწიგნიერების საფუძვლები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და გაიღრმავეს ცოდნა სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს.
პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ამაღლება, არჩევნების პოპულარიზაცია, არჩევნების მნიშვნელობის გააზრება, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. მიღებული დადებითი გამოცდილებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების ეტაპებისა და შედეგების შეფასების შემდეგ, სამომავლოდ, პროექტის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ეტაპობრივი დანერგვა იგეგმება.
(R)
ავტორ(ებ)ი :