11.05.2026 15:08
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სამების ტაძარში მიმდინარე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს.
მისივე ინფორმაციით, ახლა დაგეგმილია სამი დელეგატის მიერ სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება, რომელიც საჯარო იქნება.
„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით კრებას სინოდი სრული შემდგენლობით ესწრება.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.
ავტორ(ებ)ი :