14.05.2026 14:11
17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები დაესწრებიან, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
„იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება", - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :