გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს - სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია, მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს 20.05.2026 11:24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

 

„დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ.

 

სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია.

 

დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.

 

სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები - ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.

 

მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ.

 

გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!" - აღნიშნავს გივი მიქანაძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ