მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 21.05.2026 19:22

შინაგან საქმეთა სამინისტრო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს, სამი შეცდომის ნაცვლად, ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც ნიშნავს, რომ გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან კანდიდატმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.

 

ასევე, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

 

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით გორსა და ბათუმში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.

 

კიდევ ერთი ცვლილება მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა ძალაში. არსებული წესით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ცვლილების ამოქმედების შემდგომ, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ