ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა 25.05.2026 17:31

ბოლო დღეებში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გლდანის, კრწანისის, ვაკის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს.

 

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებელი ფართები შესთავაზა ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ სამ ოჯახს.

 

„უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

უამინდობის გამო დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დროებითი საცხოვრებელი ფართი გლდანის გამგეობამ შესთავაზა მუხურის ქუჩის ერთ მცხოვრებს, რომლის საცხოვრებელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

 

ყველა მისამართზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები. მიმდინარეობს ზარალის აღწერა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა", - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ