26 მაისთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს 26.05.2026 12:11

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო კვიპროსში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ინფორმაციას ამის შესახებ კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

 

საელჩოს ცნობით, პირველად იქნა წარმოდგენილი კიკოსის მონასტრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატი - 1780 წელს მეფე ერეკლე II-ის მიერ კიკოსის ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მოოქროვილი მანდილი.

 

„მანდილზე ვერცხლის ასოებით ამოტვიფრულია დიდი ქართველი მეფის სიტყვები, სადაც იგი სასწაულმოქმედ ხატს საკუთარ სამეფოსა და ქართველ ხალხს შეავედრებს: „ღვთისმშობელო, სასოებაო ქრისტეანეთაო, იცოდე და გახსოვდეს, შენი მონა მორჩილი ერეკლე მეორე, მეფე ზემო იბერიისა.... შემოგწირავ საჩუქრად ზეციურ ღვთისმშობელს ჩვენი ერისა და ქვეყნის გაძლიერებისთვის"", - ამოქარგულია მანდილზე.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო კვიპროსში აღმოჩენილი შუა საუკუნეების ქართული მონასტრების ამსახველი მასალები და არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი არტეფქატები. ღონისძიებას დაესწრო კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ლინა კასიანიდუ, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

ღონისძიებაზე ქართული ცეკვის ნომერი წარმოადგინა კვიპროსში მოქმედმა ანსამბლმა, „რემისიონმა".

 

აღსანიშნავია, რომ კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ და ქრისტიანულ რელიგიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წმინდა გამოსახულებად ითვლება. გამოფენის ფარგლებში გაიმართა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, კვიპროსის მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების წარმომადგენლები, კვიპროსში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვიდეო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ