26.05.2026 22:05
ქართულმა ოპოზიციამ დანაშაულებრივი წარსული და რევანშის სურვილი საკუთარ ხელწერად აქცია. დღესაც, ეროვნულ დღესასწაულს მიღმა დარჩენილებმა, ალტერნატიული დღის წესრიგი შექმნეს. ქვეყანა ზეიმობს, თუმცა 26 მაისის კალენდარს, უახლესი ისტორიიდან სისხლიანი ღამეც სამუდამოდ შემორჩა. 15 წლის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ქვეყნის მთავარ გამზირზე, აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია.
გარდაცვლილები, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გვამები, დაშავებულები და დაკავებულები - "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია, ცრემლმდენი აირით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. დემონსტრანტებს კი რუსთაველის გამზირიდან გასასვლელები ჩაუკეტა. აქციის მონაწილეები 26 მაისის ქრონოლოგიას იხსენებენ. ჰყვებიან, თუ როგორ სასტიკად და მიზანმიმართულად უსწორდებოდა, მაშინდელი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას.
იმას, რასაც აქციის მონაწილეები ჰყვებიან, ინახავს არქივიც. მეტიც, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის, საპოლიციო ღონისძიება რომ რეალურად, სადამსჯელო ღონისძიების სახეს ატარებდა, ამას ფაქტებიც მოწმობს. მაგალითად, დათა ახალაიას გაცემული ბრძანება "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", რომელიც რეალობად იქცა. გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე, პრემიის სახით, დაახლოებით 900 000 ლარი გაიცა.
დაიჭირეს ყველა - 800-მდე ადამიანი, დაშავდა ასობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები. სისხლიან ღამეს 4 მსხვერპლი ჰყავს: 26 მაისის დილას, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე სასტიკად დაზიანებული ორი ცხედარი აღმოაჩინეს. რეპრესიები შემდეგაც გაგრძელდა. სასტიკი ღამის ამსახველი კადრების ავტორი ფოტოგრაფები მალევე, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა როცა ისტორია, ზოგს გამოცდილებად, ზოგს კი მოკლე მეხსიერებად რჩება, პოლიტიკური ამნეზიაც არ უნდა გაგვიკვირდეს. 15 წლის წინანდელი მოვლენების შემოქმედებს დღეს, წარსულზე საუბარი აღარ სურთ.
ის, რაც ოპოზიციას დაავიწყდა, ახსოვს საზოგადოებას. ამას 2012 წლის შემდეგ, ოპოზიციის მიერ წაგებული ყველა არჩევნებიც მოწმობს. სწორედ იმ სასტიკ მეთოდებზე საუბრობს "ქართული ოცნება", რომელიც წინა ხელისუფლების დროს, მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა.
15 წლის წინანდელ დანაშაულს პასუხი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაეცა. ხელახალი გამოძიების შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაადგინა, რომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა წინასწარ დაგეგმილი რეპრესიული ოპერაცია იყო. 2011 წლის 26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ავტორ(ებ)ი :