შიო მესამე - სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა 01.06.2026 14:43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავშირებით ფოკაში იმყოფება.

 

პატრიარქმა ფოკაში პარაკლისი აღავლინა და შემდეგ იქადაგა.

 

„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს სულიწმინდის დღეს, ასევე წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს შემობრძანებას საქართველოში. სულიწმინდის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება, მჭიდროდ უკავშირდება გუშინდელ დღესასწაულს, სულთმოფენობას, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. სულიწმინდა, ღმერთი, რწმენა უდიდეს სიხარულს ფენს ჩვენს მორწმუნეთა გულებს, რადგან სულიწმინდის რწმენასთან დაკავშირებულია ყველაზე მთავარი ქრისტიანული სასოება და მოლოდინები. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სულიწმინდის მოვლინების გამო დაითმინა მან საშინელი ტანჯვა და სიკვდილი. ამას ნიშნავს მისი სიტყვები, უმჯობესია თქვენთვის, მე წავიდე, რადგან მე თუ არ წავალ, ნუგეშინის მცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას. აი, სულთმოფენობის შემდეგ აღსრულდა მისი ნათქვამი და ამიერიდან საფუძველი დაედო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიას, რომელშიც მოქმედებს და სუფევს სულიწმინდა. გილოცავთ ამ დღესასწაულს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, რომ უფალს სათნო ვეყოთ სულიწმინდის მადლის მოხვეჭით. მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა, რომელზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია, უნდა ვეძიოთ პირველად სასუფეველი ღვთისა. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის სულიწმინდის რწმენას. შემთხვევითი არ არის, რომ წელს, საიუბილეო წელს სულიწმინდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, მოციქულ სიმონ კანანელის და სხვა მოციქულების მსგავსად, რომლებმაც ჩვენს მიწა-წყალზე იქადაგეს, წმინდა ნინოც იყო განტკიცებული და აღვსილი იმავე სულიწმინდის ძალით, მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე. წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს „დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს" და ეს ჭეშმარიტად ასეა. ისევე როგორც ანდრია პირველწოდებულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიანდო დედა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე, ქრისტეს ნათლით განათლება. მიანდო ამ ნორჩ ქალწულს ეს უდიდესი მისია, რითაც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული დედობრივი ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე.

 

ათას შვიდასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური თარიღი და მოვლენა, არამედ ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, მოღვაწე და წმინდანი, ამ მოვლენამ აგვაშენებინა საოცარი ტაძრები, მონასტრები, შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა, რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა.

 

ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი და სრულიად საქართველო გაქრისტიანებამდე. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, ყოველ ამ დღეს, პირველ ივნისს მორწმუნეები იწყებენ მსვლელობას წმინდა ნინოს გზაზე, რითაც გამოხატავენ მისდამი პატივისცემას, ამყარებენ ერთგვარ ისტორიულ კავშირს მის ღვაწლსა და პიროვნებასთან. მინდა, დღეს დავლოცო ყოველი მონაწილე წმინდა ნინოს გზისა, სასულიერო პირები თუ საერო პირები, ღმერთმა დაგლცოთ და გაგაძლიეროთ. მინდა, განსაკუთრებით დავლოცო ის სამღვდელო და სამონაზვნო დასი, რომელიც მოღვაწეობს ჯავახეთის წმინდა მიწაზე და თავისი ღვაწლით მართლმადიდებლობის, ქართული ენის, ჩვენი ტრადიციებისა და ღირსების სადარაჯოზე დგანან. ვევედროთ წმინდა ნინოს, დაგვლოცოს, დაიფაროს ჩვენი სამშობლო, საქართველო. დედა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - განაცხადა შიო მესამემ ქადაგებისას.

ფოკაში ასევე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ