თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება 03.06.2026 14:08

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

მისი განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში, 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.

 

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის სოციალურ პროექტ საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ.

 

მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.

 

რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

მისივე ინფორმაციით, პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.

 

„უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.

 

ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ