03.06.2026 22:14
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში" აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი აღნიშნული მომსახურება.
პროექტში წელს 54 საბავშვო ბაღი ჩაერთვება და 19 500-მდე ბავშვს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარია გათვალისწინებული.
საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე:
http://www.kids.org.ge/ge/sazafkhulo-baghebi
ავტორ(ებ)ი :