26.06.2026 15:36
აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა 90 825 ადამიანით გაიზარდა.
„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დემოგრაფიული მაჩვენებლები. თქვენ იცით, რომ იყო უამრავი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს უკვე წლევანდელი მონაცემებით და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე. უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა გაიზარდა 90 825 ადამიანით. მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, რომელიც არის ბუნებრივია ჯერ კიდევ, როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, არის ბუნებრივი ინტერესი მოქალაქეებს შორის, რომ წავიდნენ შედარებით უფრო მდიდარ ქვეყნებში საცხოვრებლად და ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციაც ევროკავშირთან, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, ვხედავთ, რომ 90 000-ზე მეტით არის გაზრდილი უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იყო უამრავი სპეკულაცია, თუმცა საბოლოო ჯამში ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა აღწერის მონაცემებმა.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 226 500-ით და მთლიანად ეს შემცირდა მოქალაქეების ხარჯზე. ანუ წინა ხელისუფლების პირობებში მოსახლეობა კონკრეტულად მოქალაქეების ნაწილში შემცირდა 226 500-ით და რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, მოსახლეობა გაიზარდა 216 000-ით, აქედან უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში გაიზარდა დაახლოებით 91 000-ით. საქართველოში, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, ცხოვრობს 134 000-მდე უცხოელი მოქალაქე, რაც არის მოსახლეობის 3,4 პროცენტი. აქედან დაახლოებით 44 000 - 44 500 არის უცხოელი სტუდენტი, რომელიც იმყოფება საქართველოში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. 54 000 არის სლავური ქვეყნებიდან მოქალაქეების ერთობლიობა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და მომიჯნავე სფეროებში არიან დასაქმებული. 14 000-მდე არის აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქე და ისინი არსებითად არიან აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც საქართველოდან იყვნენ გასული და დაბრუნდნენ საქართველოში. ეს არის არსებითად თითქმის სრული სურათი იმ საერთო მაჩვენებლიდან, რომელიც არის წარმოდგენილი აღწერის მონაცემებში. შესაბამისად, მიგრაციის კუთხით გვაქვს დადებითი სალდო, თუმცა გვრჩება უარყოფითი მაჩვენებლები შობადობის მიმართულებით და ეს არის ის მიმართულება, რაზეც განსაკუთრებული ზრუნვა არის საჭირო", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :