ვერ დაგიმტკიცეთ სიყვარული და ერთგულება - მონანიე მიტროპოლიტის აღსარება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 19.03.2021 21:11

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე აქვეყნებს მიტროპოლიტ გაიოზის მონანიების წერილს, რომელსაც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უგზავნის:

 

 

ხუთი წლის წინ,2016 წლის 19 მარტს გარდაიცვალა წილკნელ-ურბნელყოფილი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი 1945-2016).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!
მოგიკითხავთ ქრისტესმიერი სიყვარულით და ვეამბრები წმიდასა მარჯვენასა თქვენსას.
უპირველეს ყოვლისა, შენდობასა და პატიებას გთხოვთ იმის გამო, რომ ამ დუხჭირი და გაუსაძლისი ცხოვრების გამო, წერილობით მაინც ვერ გილოცავთ ხოლმე საუფლო დრესასწაულთ და ვერ გამხნევებთ და ვერ თანაგიგრძნობთ თქვენი დამაშვრალი და ტვირთმძიმე ცხოვრების მძიმე წუთებსა და დღეებში.
ნება გვიბოძეთ, თქვენო უწმიდესობავ, მოგილოცოთ უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა - იესო ქრისტეს ფერისცვალების დამდეგი დღესასწაული! ინებოს უფალმან, ვითარცა თაბორსა ზედა გაბრწყინდა იგი და გამოაჩინა დიდება თავისი, ასე დიდებით ეცვალოს ფერი და გაბრწყინებულიყოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი მთელი ჩვენი ქვეყანა და მისი მშობლიო სამოციქულო ეკლესია, რომლის ძველი დიდების აღსადგენად თქვენ ძალასა და ენერგიას არ ზოგავთ აგერ უკვე სამ ათეულ წელზე მეტია. დღეგრძელგყოთ უფალმან და განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ დიდსა მას მსახურებასა თქვენსა შინა. ინებოს უფალმან ერთობა ყოველთა ქართველთა და მთლიანობა საზღვართა საქართველოისთა, განქარდეს კაცთა შორის მოარული მტრობა და ძალადობა, შური და ქიშპობა, მზვავობა და მანქანებანი მაცდურთა და უკეთურთანი. ძალითა და შეწევნითა მაღლისათა მართლუკუნ იქცნენ გარემომდგარნი ყოველნი მტერნი, დამპყრობნი და მაოხრებელნი ჩვენთა წინაპართაგან ნაანდერძევი ჩვენი მიწა-წყლისა. სამწყსომან თქვენმან უხვად მოისთვლას ნაყოფი მოციქულთაგან მამულსა ჩვენსა დანერგილსა ხისაგან მისგან კეთილისა, რომელსაც დღენიადაგ და უშურველად აწყაროებთ მოციქულებრივისა ღვაწლითა თქვენითა და საღმრთოისა სიტყვისა ქადაგებითა. ფერი ეცვალოს სულიერად თითოეულ ჩვენგანს და მამულისადმი კეთილმსახურებით, უანგარობით, სახიერებით, სულგრძელობით, ერთსულოვნებით, კეთილგონიერებით, მიმტევებლობით, შემწყნარებლობით, მშვიდობისმყოფელობით, სამართლიანობით, სიმდაბლით, ჩაგრულთა და დევნილთა ხელისაღმპყრობელობით, შეწევნით წყალობითა და გულისხმიერებით, სახედ და მაგალითად გავმხდარიყავით ვითარცა მორწმუნეთა, აგრეთვე არამორწმუნეთა შორის... მხოლოდ გულთამხილავმა ღმერთმან უწყის ის დიდი სულიერი ტანჯვა და მწუხარება, რაც მე საეკლესიო ხარისხსა და ღვთისმსახურებას დაკლებულმა გადავიტანე მთელი ამდენი წლების განმავლობაში.
მქენჯნის სინდისი და ტკივილს მიმძაფრებს ისიც, რომ პირადად თქვენ, ვითარცა საჭეთმპყრობელს საქართველოს ეკლესიისას და ღვთივკურთხეული ერის სულიერ მამას, ცნობილი მიზეზებისა გამო, უღმრთოთაგან მე ცოცხლად დამარხულმან, პყრობილობასა და დევნილობაში მყოფმა, უსახლკაროდ შთენილმა, მშიერ-მწყურვალმა, დაწიხლულმა და შეურაცხყოფილმან - ვერანაირი სამსახური ვერ გაგიწიეთ, ვერ გედექით გვერდში ისე, როგორც გეკადრებოდათ და, ომოფორის ქვეშე მყოფი ვერ დავიხარჯე თქვენთან თანამოსაგრეობით, ბოლშევიზმის მონობაში ღონემიხდილი საქართველოს უძველესი ეკლესიის აღდგინება-აღორძინების საღვთო საქმეში!
ვერ დაგიმტკიცეთ სიყვარული და ერთგულება, რომელიც არცთუ მცირეოდენ მქონდა ბოძებული ღვთისაგან მოყვასთა ჩემთათვის ძღვნად და საჩუქრად მისართმეველად.
და აგერ განილია ათეულობით წელნი ცხოვერბისა ჩევნისანი და ამ უმადურობით სავსე და უსწორმასწორო წუთისოფელს, თქვენ და მეღა შემოვრჩით, უწმინდესო, გასული საუკუნიდან, სულკურთხეული ეფრემ მეორის ხელით მღვდელმთავრად ხელდასხმულნი, რაც, მიუხედავად ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობისა, მე პირადად, პირდაპირ მავალდებულებს, ვეკრძალო დედა-ეკლესიის წარსულს, მის წესსა და კანონს და მისი უკეთესი მომავლისთვის მლოცველმან, თქვენ, ვითარცა მის თავსა და მადლმოსილ მაკურთხეველს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მწუხრზე, თქვენმა უმრწემესმა ძმამან და აწ უკვე მხცოვანმა ყოფილმა თანამწირველმან, ერთ-ერთმა აღმსაყდრებელმან თქვენი უწმიდესობისა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე, და იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს თქვენთან ერთად მრავალგზის ზიარებულმან - გამოგიცხადოთ ჩემი უდიდესი პატივისცემა, თანადგომა, თანაგრძნობა და სიყვარული.
ქრისტე არს ჩვენ შორის! ამინ!
გვაკურთხენ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო!
მონა ღვთისა გაიოზ კერატიშვილი,
ყოფილი მიტროპოლიტი.
2011 წ. ფერისცვალება

 

შეგახსენებთ, რომ 1977 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანის) გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას (შიოლაშვილი) არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. საქართველოს ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და მის შემდგომ განვითარებული არაერთგვაროვანი პროცესები სრულად აქვს აღწერილი სერგო ვარდოსანიძეს თავის წიგნში „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XIX-XX საუკუნეებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II".


1977 წლის 23 დეკემბერს გამართულმა საეკლესიო კრებამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურად აირჩია ილია II. 26 დეკემბერს კი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა მისი ინტრონიზაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობლის წინააღმდეგ დაუფარავად და განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ (იგივე ბიძინა) კერატიშვილი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად.


ჟურნალ „საარქივო მოამბის" მეთორმეტე ნომერში ციტირებული ერთ-ერთი პუბლიკაციიდან, რომელიც არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში" იყო გამოქვეყნებული, ასეთი დაპირისპირების მიზეზად კერატიშვილის კარიერისტული მისწრაფებაა დასახელებული. „დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ მიტორპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების" ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში".


იგივე დადასტურდება სასამართლო პროცესზე: „ბიძინა (მისი ერისკაცობის სახელია) კერატიშვილი რომ ეფრემ II-ის ავადმყოფობის პერიოდში განაგებდა მთელ საპატრიარქოს საქმეებს, ეს დადასტურებულია მოწმეების პ.ა. ობოლაძის, ვ.ა. ვათიაშვილის, ა. ხ. გულიაშვილის, კ. სიდამონიძის, ვ.კ. ვათიაშვილის და სხვების ჩვენებებით". ილია II-ის არჩევით კერატიშვილი კარგავდა გავლენას. ამიტომაც იბრძოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ