23.12.2025 16:52
ტელეკომპანია ESPN-მა, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ორგანიზაცია UFC-ს ოფიციალური პარტნიორი იყო, გასული წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი დაასხელა.
„შესაძლოა, ვიდავოთ კიდეც, მერაბ დვალიშვილმა ზედმეტი ხომ არ აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მთავარს - ყოფილ ჩემპიონს მართლაც გამორჩეული წელი ჰქონდა. დვალიშვილმა 2025 წელი უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლით გახსნა, სადაც მეტოქეს აშკარად აჯობა და საღამოს საუკეთესო ჩხუბის ბონუსიც მიიღო. ამის შემდეგ შონ ო'მალის შეხვდა და ვადამდელი გამარჯვება გაიფორმა. ამას მოჰყვა კორი სენდჰეგენთან ნამდვილი „მასტერკლასი" UFC 320-ზე.
რაც შეეხება პიოტრ იანთან მარცხს, უცნობია, მიზეზი მერაბის გადაღლა იყო თუ იანის მხრიდან შეცვლილი ტაქტიკა, თუმცა დვალიშვილის გამბედაობა აღნიშვნის ღირსია - მან ერთ წელიწადში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ეს იმ ეპოქაში, როცა ჩემპიონები წელიწადში ორჯერაც იშვიათად ჩხუბობენ - სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისგან", - წერს ESPN-ი.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ს საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 7 დეკემბერს მან ის პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.
ავტორ(ებ)ი :