05.02.2026 19:24
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
„მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, ვიცი თქვენი განცდები, რას ფიქრობთ, როგორია წინასწარი მომზადების თემა, მთელი კონცენტრაცია არის გამოსვლაზე. ჩვენი ხალხის სახელით, მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ და მივიღეთ. ეს დასაწყისია, უდიდესი საქმე გააკეთეთ. ხომ იცით, ქართველებს როგორ უყვართ სპორტი, როგორი რეაქცია აქვთ გამარჯვებაზე და ეს დიდი პატივია თქვენთვისაც, რომ ამხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს, ხალხს. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენების წარმატება არის მაგალითი და მოტივაცია ახალგაზრდებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, გოგონები და ბიჭები, დაიწყებს ფიგურულ სრიალზე სიარულს. ეს ყოველთვის გადამდებია . მარტო ის კი არ არის წარმატება, რომ თქვენ ჩემპიონები ხდებით, არამედ ეს არის იმის საფუძველიც, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ დაინახოს ეს წარმატება, სურვილი გაუჩნდეს სპორტზე სიარულის. თქვენ ხართ ამის მაგალითი", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია წარმატებით იასპარეზებს.
„დიდი მოტივაცია მქონდა, რომ შეგხვედროდით. მინდა იცოდეთ, რომ მთელი ქვეყანა თქვენ გვერდით დგას. ეს დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება. თქვენ მაღალი დონის პროფესიონალები ხართ. თქვენ გვერდით ვართ, წარმატებას გისურვებთ და გვჯერა კიდეც, რომ წარმატებით იასპარეზებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან რვა სპორტსმენი ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან სამთო მოთხილამურეები კორტინაში იმყოფებიან, სადაც ასპარეზობები სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში ,მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
ოლიმპიადის გახსნამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ ვახშამს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :