27.03.2026 18:35
„პრეზიდენტის პასტორი: „დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორის, ვაშინგტონელი კორესპონდენტი კონორ სტრინგერის მიერ განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის პირადი პასტორის გამონათქვამები დონალდ ტრამპის ღვთიური მისიის თაობაზე ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტის პირადი პასტორის (მღვდლის) თქმით, დონალდ ტრამპს „სულიერი ვალდებულება აქვს, რომ ირანთან ომი დაეწყო და იგი სწორად მოიქცა, როცა ქვეყანას სარაკეტო და საავიაციო დარტყმები მიაყენა“.
მარკ ბერნსი ამბობს, რომ მისტერ დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებულმა მკვლელობის ორმა მცდელობამ პრეზიდენტში „რაღაც შეცვალა“ და იგი რწმენას დაუახლოვა.
როგორც პასტორმა უთხრა „დეილი ტელეგრაფს“, მიუხედავად იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში უკვე 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ისლამური რესპუბლიკის მიმართ დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება სწორი იყო. მან ომის დაწყება ქალის გაუპატიურების თავიდან აცილებას შეადარა.
„კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ (CPAC) კონფერენციაზე გამოსვლისას, მარკ ბერნსმა თქვა: „ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჩვენი ვალია, ჩვენს სულიერი მოვალეობას წარმოადგენს. მე თუ დავინახავ, რომ მამაკაცი ქალს აუპატიურებს, ჩემი სულიერი მოვალეობაა მივიდე და უდანაშაულო ქალი დავიცვა... მილიონობით უდანაშაულო ირანელი იმყოფება ბოროტი დიქტატორის იარაღის სამიზნეში. იგივე ხდება რუსეთშიც, უკრაინის მიმართ. ჩვენ ომები არ გვსურს, არ ვეძებთ ომების დაწყების საბაბს, მაგრამ ფაქტია, რომ [ამ ომის შედეგად] მილიონობით ირანელი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ ბოროტი რეჟიმი მალე საბოლოოდ დაემხობა და ირანელები გათავისუფლდებიან“.
„ღმერთი იცავს პრეზიდენტ ტრამპს“
მისტერ დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც ორჯერ გადაიტანა მკვლელობის მცდელობა, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს ღიად თავის რელიგიურ რწმენაზე და თვლის, რომ მისი მისია ამერიკის გადასარჩენად უფლის ნებას წარმოადგენს.
პასტორმა მარკ ბერნსმა კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ იგი ყოველ კვირას ესაუბრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. „ღმერთი მის მხარეზეა. მჯერა, რომ მის ადგილზე სხვა ნებისმიერი ადამიანი რომ ყოფილიყო, ტყვიები მიზანს მიაღწევდა. ასე რომ, ღმერთმა დაიცვა პრეზიდენტი ტრამპი და მასთან ერთად ეკლესიაც“.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობები მოხდა 2024 წელს, პენსილვანიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა თომას კრუქსმა პრეზიდენტობის კანდიდატს შენობის სახურავიდან ესროლა. 20 წლის ტერორისტის ლიკვიდირება უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი სპეცსამსახურმა დააკავა რაიან რაუტი, რომელიც ფლორიდაზე დონალდ ტრამპის კუთვნილი გოლფ-კლუბის ახლოს ბუჩქებში იმალებოდა. როგორც მან განაცხადა, უნდოდა ტრამპი მოეკლა, რათა იგი პრეზიდენტად არ ყოფილიყო არჩეული. რაიან რაუტს სასამართლომ 2025 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ხშირად იმოწმებს რელიგიას, როცა ირანთან ომზე ლაპარაკობს. მან სთხოვა ამერიკელებს, „ყოველდღიურად ელოცათ იესო ქრისტეს სახელით, მუხლმოყრილად, ოჯახის წევრებთან ერთად, სკოლებში და ეკლესიებში“, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად ახლო აღმოსავლეთში.
როგორც მინისტრმა ტელეარხ „სი-ბი-ეს“-თან (CBS) ინტერვიუში თქვა, „ჩვენი შესაძლებლობები გაუმჯობესდა. ჩვენი ნება განმტკიცდა. ჩვენი ჯარები ძლიერნი არიან. ყოვლისშემძლე უფალი იცავს ჩვენს არმიას, ამიტომაც ჩვენ ღვთიური მისიის ერთგულები ვართ“.
ამასთან, რელიგიური რწმენის თავისუფლების სამხედრო ფონდმა 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო იმ სამხედრო მოსამსახურეებისაგან, რომლებიც თვლიან, რომ ქრისტიანული რიტორიკის გამოყენება არასწორი მოქმედებაა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამართლებისათვის.
როგორც ერთ-ერთ საჩივარშია ნათქვამი, [აშშ-ის არმიის] მეთაურმა თურმე ჯარისკაცებს ასე უთხრა: „დონალდ ტრამპი იესომ სცხო, რათა ირანში ცეცხლი აენთო არმაგედონის გამოსაწვევად და ამით დედამიწაზე მისი დაბრუნება აღენიშნა“.
ავტორ(ებ)ი :