27.03.2026 18:57
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ? და საერთოდ, რა ხდება ირანში ამჟამად, როგორია ირანელი ხალხის განწყობა?
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე, სათაურით „რბილი სცენარი მოსალოდნელი არ არის“, გამოქვეყნებულია ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნე ექსპერტთან რუსლან სულეიმანოვთან (რუსეთში იგი „უცხოელი აგენტების“ რეესტრშია შეტანილი), რომელიც ამ დღეებში ირანში იმყოფებოდა. ესაბრება ჟურნალისტი ოქსანა ჩიჟი.
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
- რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ იმის შესაძლებლობა, რომ ირანი ნამდვილად მზად არის დონალდ ტრამპთან გარიგებაზე დათანხმდეს?
- ჯერ-ჯერობით ზავის დადების შესაძლებლობა საეჭვო და ნაკლებად სავარაუდოა. ირანის ხელისუფალთა განცხადებით, ნებისმიერი გარიგება უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ომი არ განმეორდება. თეირანი თვლის, რომ ახლა თვითონ არის მომგებიან სიტუაციაში, თვითონ შეუძლია პრეტენზიები წაუყენოს ვაშინგტონს და თავისი მოთხოვნები უკარნახოს, ანუ მას აქვს ვაშინგტონზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა - ჰორმუზის სრუტის კონტროლით და მეზობლებზე დარტყმებით. შესაბამისად, ისლამურ რესპუბლიკას ხელში ორი მნიშვნელოვანი კოზირი უჭირავს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მარტივად და ვარდისფრად არ გამოიყურება, როგორც ამას დონალდ ტრამპი მიიჩნევს. ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სასურველს სინამდვილედ წარმოაჩენს ხოლმე. ასე რომ, გარიგება და მისი პარამეტრები ჯერ კიდევ ძალიან შორს არის რეალიზმისაგან.
შესაძლოა, რომ ირანის ხელისუფლება ან, უფრო ზუსტად, ირანის ხელმძღვანელობის ნაწილი, მზად არის შეარბილოს პოზიცია ჰორმუზის სრუტის მიმართ, შეიძლება დათანხმდეს ცალკეული უცხოური გემების გაშვებაზე. ეს დასაშვებია და ალბათ, ირანელმა დიპლომატებმა, სავარაუდოდ, დაარწმუნეს ვაშინგტონი ამ საკითხში.
მაგრამ დიპლომატები (საგარეო საქმეთა უწყებიდან) ერთადერთნი არ არიან, ვინც ირანის ხელმძღვანელობას წარმოადგენს. ქვეყნის ხელისუფლება გადანაწილებულია გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ცენტრს შორის. დიპლომატებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რაღაცას დაპირდნენ ამერიკელებს, რაღაც აღუთქვან, მაგრამ დღეს გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ ძალოვანებს ეთქმით, კერძოდ კი - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“.
ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგიერთ ირანელ მაღალჩინოსანთა მიერ გაკეთებული განცხადებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. მაგალითად, პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ბოდიში მოუხადა არაბულ ქვეყნებს დაბომბვის გამო - „ადგილობრივმა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება და არ განმეორდებაო“, მაგრამ იმავე დღესვე დარტყმები განახლდა. ამიტომაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული დუალიზმი - ირანის ხელისუფლების გაორება ამ ეტაპზე.
- როგორც „როიტერი“ იუწყება, თუ საქმე მოლაპარაკებამდე მივა, მაშინ თეირანის მოთხოვნები დაახლოებით ასეთი იქნება: პირველი - გარანტია, რომ სამომავლოდ თავდასხმა არ განმეორდება; მეორე - კომპენსაციის გადახდა მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად; მესამე - ირანის კონტროლის ფორმალური შენარჩუნება ჰორმუზის სრუტეზე. რა წარმატების შანსი აქვს ირანს ამ პუნქტების შესაბამისად?
- ირანის მოთხოვნები, თუ ეს მართლაც ასეა, საკმაოდ ხისტია და გარკვეულწილად, გადაჭარბებულიც. ჩემი აზრით, ასეთი მოთხოვნები მთლიანად რეალიზებული არ იქნება. ვთქვათ და დონალდ ტრამპი დათანხმდა ირანის მოთხოვნებს, მაგრამ ვინ აიღებს 100%-იან პასუხისმგებლობას, რომ ტრამპის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი გარიგებას არ დაარღვევს? ასე მოხდა ბირთვული პროგრამის ირგვლივაც, როცა მიღწეული შეთანხმება ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დაარღვია. თუმცა ვფიქრობ, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა სრულიად რეალურია: მეტ-ნაკლებად ორივე მხარე არის დაინტერესებული, თუ როგორ იპოვონ ამ კონფლიქტიდან გამოსავალი.
- თქვენ ამ დღეებში ირანში იყავით და საკუთარი თვალით დაინახეთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით. როგორ მოახერხეთ ირანში შესვლა? რას ფიქრობენ ირანელები?
- დიახ, მე ომამდე მქონდა აღებული ვიზა ირანში წასასვლელად, მაგრამ რადგანაც ავიარეისები შეწყდა, შევეცადე სახმელეთო გზით შევსულიყავი. მივედი სტამბოლში არსებულ ირანის საკონსულოში, მაგრამ იქ კატეგორიული უარი მითხრეს. შევეცადე აზერბაიჯანის გზით შესვლას. გამიმართლა: ბაქოში მდებარე ირანის საკონსულომ ახალი ვიზა მომცა და ასტარიდან ირანში შევაღწიე. კი, იყო ბევრი კითხვები, გამჩხრიკეს, შემამოწმეს... თავრიზში რომ მივედი, მინდოდა, რომ თეირანშიც წავსულიყავი, მაგრამ მეგობრებმა, რომლებიც თეირანში მყავს, სატელეფონო საუბრის დროს მირჩიეს, რომ იქამდე მისვლა გამიჭირდებოდა და შეიძლებოდა გზებზე მრავალრიცხოვან პატრულს უკანაც დავებრუნებინე. თავრიზის ავტოსადგურიდან ავტობუსები კი გადიან თეირანისკენ, მაგრამ ბევრი უკან შუა გზიდან ბრუნდებოდა. მოკლედ, დავრჩი თავრიზში.
ქალაქში სიარულის დროს შევამჩნიე ირანელთა შიში და დაბნეულობა. რასაკვირველია, ირანელები სხვადასხვანაირნი არიან, მათი განწყობებიც შესაბამისია - ხშირად ძალიან პოლარული. ბევრია ხელისუფლების გულწრფელი მომხრე, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში და მიტინგებს აწყობენ, დაღუპული ხელმძღვანელების პორტრეტებით, თვალცრემლიანი ლაპარაკობენ.
არიან რეჟიმის მოწინააღმდეგენიც, რომლებსაც აიათოლა ალი ჰამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვა ძალიან გაეხარდათ, მაგრამ იცით, მათ სრულიად არ სურდათ ომის ამგვარი შედეგები - ნგრევა და მსხვერპლი... ისინი ვერ ხვდებიან, თუ რა სურს დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორია მათი საბოლოო მიზანი. დიახ, ოპოზიციურად განწყობილ ირანელებს უნდათ რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ვერანაირ ალტერნატივას ვერ ხედავენ. ამერიკამ და ისრაელმა ირანელებს სხვა ვერაფერი შესთავაზეს, ქურთების სეპარატიზმის გაღვივების გარდა. ქურთებით დასახლებული რეგიონის სეპარატიზმს კი ირანელები ძალიან უფრთხიან. ვფიქრობ, რომ ყველას ერთადერთი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი.
ხელისუფლება ვითარებას მკაცრად აკონტროლებს. შემოწმებები ხდება ქუჩებშიც და ავტომაგისტრალებზე, ჩხრეკენ საბარგულებს, სინჯავენ დოკუმენტებს. ქალაქში სიარულისას ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაგაჩერონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოგთხოვონ. პატრული სამხედრო ფორმით არის, მაგრამ არიან სამოქალაქო ფორმიანებიც - რეჟიმის ნებაყოფლობითი დამხმარეები.
თავრიზში ნაცნობთან ერთად ქუჩაში მივდიოდი და ფოტოსურათის გადაღება მოვისურვე აიათოლების ალი და მოჯთაბა ჰამენეიების პორტრეტების ფონზე. და იმ მომენტში, როგორც კი გადავიღე და წასვლას ვაპირებდი, უეცრად საიდანღაც პატრული გაჩნდა და თავზე დამადგა. ტელეფონი მომთხოვეს და მკითხეს, რა მიზნით გადავიღე ფოტოსურათი. მითხრეს, რომ მე, უცხოელი, ირანის საშინაო საქმეებში ვერევი და ამ ფოტოსურათს, ალბათ, საზღვარგარეთ გავავრცელებ ირანისთვის საზიანოდ. მომთხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჰოი, საკვირველებავ! - ჩემმა რუსულმა პასპორტმა ჯადოსნური გავლენა მოახდინა და პატრულმა თავი სწრაფად დამანება.
- რას ამბობენ იმ ფაქტზე, რომ დღემდე ახალი უზენაესი ხელმძღვანელი მოჯთაბა ჰამენეი სახალხოდ არ გამოჩენილა?
- რეჟიმის მომხრეებისათვის მოჯთაბა ჰამენეის საჯაროდ არგამოჩენა პრობლემა არ არის, მათთვის მთავარია, რომ სისტემამ სიმტკიცე შეინარჩუნოს. რეჟიმის მომხრეებისათვის მოჯთაბა ჰამენეი წამებული გმირია - მას ხომ ოჯახი ამოუწყვიტეს...
რა თქმა უნდა, მოჯთაბა რეჟიმის მოწინააღმდეგეებისათვის არასასურველ ლიდერს წარმოადგენს, მაგრამ რადგანაც ოპოზიციას ალტერნატივა არ ჰყავს, ასეთი საუბრები სამზარეულოში მიმდინარეობს და მის მიღმა არ ვრცელდება.
უეჭველია, რომ ირანში ამჟამად თაობათა კონფლიქტი ხდება. უფროსი თაობა, განსაკუთრებით ისინი, ვინც 1979 წლის ისლამური რევოლუციის მომსწრენი არიან, რეჟიმის მომხრეების ბირთვს წარმოადგენენ. ხელისუფლებას ასევე ბევრი მომხრე ჰყავს ახალგაზრდა თაობაშიც - იმ ახალგაზრდების სახით, რომლებიც ისლამური რეჟიმის სამსახურში არიან, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ, „ბასიჯის“ რიგებშიც. ისინი ასი ათასობით და მილიონობით არიან. ცხადია, 90-მილიონიან ირანში რეჟიმის სამი-ოთხი მილიონი ახალგაზრდა მომხრე ბევრი არაფერია, მაგრამ ისინი ძალიან აქტიურობენ.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი უფრო მეტად ისინია, ვინც არც ძალოვან სტრუქტურებში არ მუშაობენ, არც ისლამური რევოლუცია არ ახსოვთ და არც სამამულო ომი ერაყთან. ეს ახალგაზრდები ორიენტირებულნი არიან დასავლეთზე, ისინი ფარულად უყურებენ დასავლურ ფილმებს, უსმენენ დასავლურ მუსიკას და მათზე, ბუნებრივია, ისლამური რეჟიმის იდეოლოგია გავლენას ვერ ახდენს.
გარდა ამისა, რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან ეროვნული უმცირესობებიც - ქურთები, აზერბაიჯანელები, ბელუჯები და სხვები, რომლებსაც რეჟიმთან თავიანთი ანგარიშები აქვთ.
- ირანში ამასწინანდელი სახალხო გამოსვლები ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ახლა, როცა ომი მიმდინარეობს, რამდენად იგრძნობა ეკონომიკური კრიზისი?
- თავრიზის მაღაზიებში და ბაზრებში პროდუქციის არანაირი დეფიციტი არ იგრძნობა. ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ, ნოვრუზს (ახალ წელს) აღნიშნავენ, ერთმანეთთან სტუმრად დადიან...
მაგრამ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის დონე ძალიან დაეცა, თანაც პროცესი ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. ირანული რიალი ექვს თვეში ორმაგად გაუფასურდა. თუ ერთი წლის წინ ერთი დოლარი 600 ათასი რიალი ღირდა, ახლა თითქმის მილიონნახევარ რიალს აღწევს. შევესწარი ფაქტს, რომ ერთი ყუთი სიგარეტი, რომელიც წინა დღით 20-30 ათასი რიალი ღირდა, მეორე დღეს 80 ათას რიალამდე გაძვირდა. იგივე ხდება ბენზინთანაც დაკავშირებით.
მიტინგები ძირითადად ისევ ამ ლოზუნგებით - „სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ - მიმდინარეობს. დიახ, ისინი მასობრივია, მაგრამ მაინც ცოტაა ირანის მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.
უფრო მეტ ხალხს, დარწმუნებული ვარ, რეფორმები სურს. ისინი არ გაჰყვირიან ანტიამერიკულ ლოზუნგებს, არ არიან რეჟიმთან დაკავშირებულნი, მაგრამ იმათაც ვერ გაუგიათ, რა სურთ აშშ-სა და ისრაელს. მათ უხარიათ ალი ჰამენეისა და სხვა ლიდერების განადგურება, მაგრამ როცა ბომბები და რაკეტები მშვიდობიან მოქალაქეთა სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს აცვივა თეირანში და ისპაანში, ეს ნებისმიერი ირანელის თავმოყვარეობის, ეროვნული სიამაყის შელახვაა.
ვფიქრობ, რომ როცა ომი დამთავრდება, ირანის მოსახლეობისათვის უკიდურესად რთული დრო დადგება - როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ირანელები უკვე ახლავე გრძნობენ საგარეო საფრთხეს. ეს შეგრძნება ისეთია, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოსვლის სურვილს კლავს. მაგრამ როგორც კი მშვიდობა დამყარდება, ირანელთა მთავარი სადარდებელი ისევ სიღარიბე გახდება, მაშინ კითხვებიც გაჩნდება და დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტები განახლდება. და რეჟიმიც, აშკარაა, რომ ისევე ხისტად იმოქმედებს, როგორც ბოლო დროს მოქმედებდა. არანაირი რბილი სცენარი მოსალოდნელი არ არის.
დღეს ირანში შეუძლებელია რაიმე ლიბერალიზმზე ლაპარაკი, დასავლეთთან რაიმე დაახლოებაზე, სახელმწიფოს კონტროლის შესუსტებაზე... და ეს ტენდენცია, დარწმუნებული ვარ, ომის შემდეგაც შენარჩუნდება.
ავტორ(ებ)ი :